შენი საყვარელი ყავების უცნაური და გასაოცარი ისტორიები
ვგრძნობ, რომ შეიძლება ცოტათი დაიღალე აპარატების შედარებით და საუკეთესო V60 მომზადებით, უკვე 82-ედ... (მაგრამ როგორ? ეს ხომ ძალიან სახალისოა!!!)
ამიტომ, დღეს მინდა შენი ყავის ობსესია ცოტა დავაწყნარო — ისეთი რამით, რასაც სასწორი და ტაიმერი არ სჭირდება. მოდი, ისტორიებს მოგიყვები. უცანური, ზოგჯერ აბსურდული, მაგრამ ყოველთვის კოფეინით სავსე ისტორიებს ყავაზე.
ყოველ ყავას თავისი ისტორია აქვს — ზოგი მართალია, ზოგი სრულიად გამოგონილი, და უმეტესობა სადღაც შუაშია. მოდი, ავიღოთ ჭიქა და გავემგზავროთ დროში — ყავის უცნაურ და კოფეინით გაჟღენთილ ისტორიებში, რომლებიც მსოფლიოს საყვარელ ყავებს უკავშირდება.
1. ქალდი და თხები, რომლებსაც ვერ ეძინათ
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ყავა მე-9 საუკუნის ეთიოპიაში აღმოაჩინა მწყემსმა სახელად ქალდი. ერთხელ შენიშნა, რომ მისი თხები ძალიან ენერგიულად იქცეოდნენ, როცა ახლომახლო ბუჩქზე წითელ კენკრას ჭამდნენ. ისინი ცეკვავდნენ, ხტუნავდნენ და არ იძინებდნენ — basically, პატარა თხის რეივებად იქცნენ.
ქალდიმ კენკრა მონასტერში წაიღო, რომ ბერებს აეხსნათ რა ხდებოდა. მაგრამ პირველი ბერმა კენკრა კოცონში გადაყარა (კლასიკა). როცა მარცვლები იწვოდა, ჰაერი საოცარი სურნელით აივსო. მათ ამოიღეს მარცვლები, დაფქვეს, ცხელ წყალში აურიეს და — ბუმ: პირველი ყავის ჭიქა მომზადდა.
მაგრამ... ეს სიმართლეა?
ალბათ არა. ქალდის ამბავი უფრო ლეგენდაა, რომელიც საუკუნეების შემდეგ ჩაიწერა. ყავის ნამდვილი წარმომავლობა ბევრად ბუნდოვანია — მაგრამ რაც ნამდვილად ვიცით, ის არის, რომ ყავის სმა ეთიოპიასა და იემენში დაიწყო. სავარაუდოდ ხმელი კენკრის ჩაისმაგვარად ხარშავდნენ, სანამ შემწვარ მარცვლებად და დღეს ჩვენთვის ცნობილ რთულ მეთოდებად გადაიქცეოდა.
მაინც, მადლობა ქალდის და მის მხიარულ თხებს. მათ გარეშე, შეიძლება დღესაც მხოლოდ ჩაის ვსვამდეთ.
Image credit: Don Pablo Coffee Blog
2. ესპრესო: სწრაფი ყავა სწრაფი ხალხისთვის
ესპრესო იტალიაში დაიბადა მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაშინ როცა ინდუსტრიალიზაციამ სისწრაფის იდეა მოიტანა. ხალხს ყავა მალევე უნდოდა — არა 5 წუთში. და შემოვიდა ორთქლის მექანიზმზე მომუშავე აპარატი, რომელიც ცხელ წყალს წვრილად დაფქულ ყავაზე 30 წამში ატარებდა.
ვინ შექმნა?
პირველი ნამდვილი ესპრესო მანქანა 1901 წელს ლუიჯი ბეცერამ გამოიგონა. მისი მიზანი იყო სწრაფად გაეკეთებინა ყავა დაკავებული ხალხისთვის, განსაკუთრებით ქარხნის მუშებისთვის. შემდეგ დიზიდერიო პავონიმ გააუმჯობესა აპარატი და კომერციულად დაიწყო გაყიდვა. დღესაც არსებობს La Pavoni-ის ბრენდი.
ესპრესო vs. ექსპრესო?
"Espresso" მოდის იტალიური "caffè espresso"-დან, რაც ნიშნავს „გაწურულ ყავას“. მას არანაირი კავშირი არ აქვს ექსპრეს მატარებლებთან, მაგრამ აშკარად გასაგებია დაბნეულობა — ორივე ხომ სწრაფია. "ექსპრესო" უბრალოდ არასწორი გამოთქმაა, თუმცა ზოგ ქვეყანაში მართლაც მასე ამბობენ (და ყავის კი გურმანები ჩუმად განსჯიან).
3. კაპუჩინო: ბერების მანტიასავით ფინჯანში
კაპუჩინოს სახელი მოდის კაპუცინელ ბერებისგან — ფრანცისკანთა ორდენი მე-16 საუკუნიდან. მათი მანტიები იყო მუქი ყავისფერი და ღია ფერის კაპიუშონი ჰქონდათ — რაც იტალიელებს ესპრესოსა და რძის შეხამებას აგონებდა.
ბერები, როგორც ჩანს, ყავის პირველი ინფლუენსერები იყვნენ.
კაპუჩინო განვითარდა მას შემდეგ, რაც გამოიგონეს ესპრესო მანქანა. მანამდე ხალხი უბრალოდ რძეს ამატებდა ყავაში. მაგრამ ესპრესო რევოლუციამ მოიტანა რძის ტექსტურა — კრემოვანი, ქაფიანი და მდიდარი. 1930-40-იან წლებში კაპუჩინოებმა უკვე დაიპყრეს იტალიური კაფეები.
4. Flat White: კაპუჩინოს ძლიერი ბიძაშვილი
ფლეთ უაითი რბილია, აბრეშუმივით გლუვი და ზედმეტი გლამურისგან თავისუფალი. მაგრამ ამ სასმელის უკან ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის წლობით მიმდინარე ყავის ომია — ორივე ქვეყანა მის შექმნას თავის თავს მიაწერს.
და საიდან მოდის?
უმეტესობა თანხმდება, რომ ფლეთ უაითი 1980-იან წლებში გაჩნდა, როცა ხალხი დაიღალა ქაფიანი კაპუჩინოთი. ბარისტებმა დაიწყეს ამ ქაფის "დაწყნარება" — ნაკლები ქაფის გამოყენებით, მეტი ამოყვანილი რძით და რბილი ზედაპირით.
ეს კაპუჩინოა მათთვის, ვისაც არ მოსწონს რძე ულვაშში. ან გედის ფორმის ლატე არტი.
5. ამერიკანო: ომის, წყლისა და იტალიური ესპრესოს ნაყოფი
მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელი ჯარისკაცები იტალიაში შოკში ჩავარდნენ: ესპრესო იყო ბევრად ძლიერი, ვიდრე მათი ფილტრის ყავა, რომელსაც იყვნენ მიჩვეული. გამოსავალი? ცხელი წყალი. ადგილობრივები ამას Caffè Americano უწოდეს, და სახელიც შერჩა.
ასე დაიბადა ამერიკანო: ესპრესო + ცხელი წყალი. და არა, ეს არ არის „გათხელებული ესპრესო“. მას აქვს განსხვავებული ექსტრაქცია და გემო — უფრო ძლიერია, ვიდრე ფილტრის ყავა, და უფრო რბილი, ვიდრე სუფთა ესპრესო.
ამიტომ, შემდეგ ჯერზე თუ ვინმე გეტყვის, რომ ამერიკანო მოსაწყენია — უთხარი, რომ ომში გამოცდილია.
ბონუსი: ნაპოლეონ ბონაპარტი და მისი ყავისადმი სიყვარული
შესაძლოა, ნაპოლეონმა ევროპის უმეტესი ნაწილი დაიპყრო, მაგრამ მისი ნამდვილი გატაცება? ყავაა. საფრანგეთის იმპერატორი ცნობილი იყო მისი აკვიატებით - შავი, მწარე და დიდი რაოდენობით. ის მას მუდმივად სვამდა, განსაკუთრებით ბრძოლების დროს და, როგორც ამბობენ, მას განსაკუთრებით ძლიერი ყავა მოსწონდა. შვრიის რძის, შაქრის გარეშე, მხოლოდ სუფთა კოფეინი. როგორც ამბობენ, მან თქვა კიდეც:
„მირჩევნია ყავით ვიტანჯო, ვიდრე გონება დავკარგო“.
ზოგიერთი ისტორიის თანახმად, ის ბრძოლების წინ სვამდა ყავას, რათა ფხიზლად ყოფილიყო, ზოგი კი ირწმუნება, რომ ეს მას უფრო სწრაფად აზროვნებაში ეხმარებოდა. სიმართლეა ეს თუ მოგონებულია, ერთი რამ ცხადია: ყავა იმპერიების საწვავი იყო, არა მხოლოდ ძილიანი დილის. ჩვენ ვერ დავადასტურებთ, დაეხმარა თუ არა ყავა ნაპოლეონს ომების მოგებაში - მაგრამ ის ნამდვილად ეხმარებოდა მას ფხიზლად ყოფნაში მსოფლიო ბატონობის დაგეგმვაში.
შემდეგ ჯერზე, როცა ყავას დალევთ, გახსოვდეთ - თქვენი ყავა მხოლოდ ცხელი წყალი და ყავის მარცვლები არ არის. ეს საუკუნეების ლეგენდა, კულტურა, გამოგონება და ცოტაოდენი თხის მაგიაა. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს თქვენს დილის ფინჯანს კიდევ უფრო გემრიელს ხდის.
და Shavi? ლეგენდა აქაც არსებობს...
ამბობენ, რომ სამყაროში არსებობენ პატარა ყავის ჩიტები (რა თქმა უნდა, შავი), რომლებიც კონტინენტებს შორის დაფრინავენ და მათ, ვინც ყავას გულით ხარშავს — გემოების მინიშნებებს ჩურჩულებენ. ერთ დღეს, ისინი თბილისში ჩამოფრინდნენ და თქვეს: „მზად ხარ.“
და ასე დაიწყო Shavi Coffee Roasters-ის თავგადასავალი — შორეული ფერმებიდან მოტანილი მარცვლები, შერჩეული და მოხალული ზრუნვით, ხანდახან ცოტა უცნაური, მაგრამ ყოველთვის გემრიელი. ბერების და ჯარისკაცების გარეშეც.
გინდა რამე ლეგენდარული გასინჯო?
გადახედე ჩვენს ყავებს